ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთში, მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. აქ ერთი ქლაქი, 8000-ზე ცოტა მეტი მცხოვრებით და 64 სოფელია. მოსახლეობას სხვა მნიშვნელოვან, ყოფით და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ნარჩენების და გარემოს დაბინძურების საკითხი აწუხებს. გარემოს დაბინძურებას კი ისევ თვითონ უწყობენ ხელს, საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრით.
უფრო კარგად რომ გაგარკვიოთ სიტუაციაში, რა ხდება ახალქალაქის სოფლებში ნარჩენების მართვის კუთხით, 3 სოფლის ამბავს მოგიყვებით
დილისკა – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელია, 3000-ზე მეტი მცხოვრებით. სოფელში მანქანა რამდენიმე ადგილზე გავაჩერეთ და ადგილობრივებს ვესაუბრეთ. სოფელი ეთნიკური სომხებით არის დასახლებული. მათი უმეტესობა საკუთარ ვინაობას არ გვიმხელს, თუმცა ჩვენთან საუბარზე უარს არ ამბობს. ძირითადად კონტაქტზე კაცები გამოდიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კითხვას ქალს ვუსვამთ. სოფელში გვეუბნებიან, რომ დასახლებაში ნაგვის კონტეინერები არ დგას, მაგრამ მანქანა დადის.
„ჩვენთან ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ, შაბათობით მოდის, ნაგავს ვაგროვებთ და შაბათს მიაქვს მანქანას, პრობლემა არ არის“ – გვეუბნება ახალგაზრდა კაცი.
მოგვიანებით კი, კიდევ ერთი საშუალო ასაკის კაცი გვიყვება, როგორ მოიტანეს სოფელში ნაგვის ურნები 4 წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე, დადგეს და ცოტა ხანში ისევ სადღაც წაიღეს.
სოფელში კი ამბობენ, რომ მანქანას ნარჩენები ყოველ კვირას გააქვს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ სრულიად სხვაა ის რეალობა, რომელსაც სოფლის განაპირას აღმოაჩენთ.
ასე გამოიყურება დასახლების, ღია ნაგავსაყრელი. აქ მისულები მიხვდებით, რომ ნარჩენები წლების განმავლობაშია დაგროვილი. ცოტა მოშორებით კი მეორე, ახლად გაჩენილი ნაგავსაყრელია, სადაც, როგორც ჩანს ნარჩენები ახლაც იყრება.
პტენა – დილისკას მომდევნო სოფელია, ამ სოფლისკენ დაახლოებით 4 კილომეტრი გრუნტის გზაა. აქაც ისე გახვალთ დასახლების ბოლომდე, ნარჩენების არცერთი კონტეინერი არ შეგხვდებათ.
პირველივე შემხვედრთან ვარკვევთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ამბავს, სად აგროვებენ, მიაქვს თუ არა მანქანას და ა.შ.
დილისკასგან განსხვავებით, პტენაში მანქანაც არ შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მცხოვრებ 300-ზე მეტი ადამიანს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემის მოგვარება ინდივიდუალურად უწევს.
„ჩვენი სოფელი ძირითადად აჭარიდან ჩამოსახლებული ოჯახებით არის დასახლებული. ჩვენთან არცერთი ნაგვის ურნა არ დგას. წარმოიდგინეთ რა დღეში ვართ, არც მანქანა არ მოდის და იძულებული ვართ ეს ყოველდღიური ნარჩენები აქვე სოფელთან ახლოს დავყაროთ. ყველა უბანი მიმდებარე ტერიტორიაზე ყრის, მერე ერთმანეთთანაც მოგვდის კამათი შენ თუ არ დაყრი არც მე დავყრი და ა.შ.
კი ვიცით, რომ გარემოს ვაბინძურებთ, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, სად წავიღოთ ამდენი ნაგავი“ – გვეუბნება სოფელში პირველივე შემხვედრი 50 წლამდე ქალი.
იგივეს იმეორებენ თანასოფლელებიც და იმ ადგილებს გვაჩვენებენ, სადაც თვითნებური ნაგავსაყრელები აქვთ მოწყობილი. ხშირად იქვე იკვებება ოთხფეხა პირუტყვიც.
ჩუნჩხა – პტენის მომდევნო და ამ მიმართულების ბოლო სოფელია. დასახლების ცენტრში ნოდარ შამანაძეს ვესაუბრებით. მთავარ აქცენტს სასმელს წყალზე აკეთებს. ამბობს, რომ სოფელში წყალი არ აქვთ.
„არც გაზი გვაქვს, არც წყალი და არც გზა, ნაგვის ურნებიც არ არის რა თქმა უნდა. მოგროვებულ ნარჩენებს დავტვირთავთ მანქანაზე და ხან სად ვყრით, ხან სად. ანტისანიტარიაა სოფელში. ნაგავს ვინ ჩივის წყალი მაინც გვქონდეს.“ – ამბობს ნოდარ შამანაძე.
თუ კარგად მოიკითხავთ აღმოაჩენთ, რომ ახალქალაქის 64 სოფლიდან, 40-ში არც ნარჩენების ურნები და კონტეინერები დგას და არც მანქანა მოძრაობს.
ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას შპს „ახალქალაქის სანდასუფთავება“ ახორციელებს. როგორც ახალქალაქის მერიაში გვეუბნებიან 2020 წელს, ნარჩენების შეგროვებასა და გატანაზე 192 000 ათასი ლარი იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ახალქალაქის მერის მოადგილე, არმენ მარანგაზიანი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის გეგმა აქვს და მისი ამოქმედებიდან დღემდე მომსახურებას 20 სოფელს უწევენ, იქამდე ნარჩენები არც ამ სოფლებიდან გაჰქონდათ. მთავარ გამოწვევად კი ტექნიკის არასაკმარის რაოდენობას ასახელებს. მერის მოადგილე ამბობს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებისთვის განთავსებულია დიდი და პატარა კონტეინერები და ამ მხრივ მდგომარეობა ქალაქში მოწესრიგებულია.
„იაპონიის საელჩოსთვის ვწერთ ახლა პროექტს. გვინდა სოფლების შესასვლელებში განვათავსოთ დაახლოებით ორმოცდაათ კუბიანი კონტეინერები და შესაბამისად შევიძინოთ ტრანსპორტი მათ დასაცლელად და ნარჩენების სოფლიდან გამოსატანად. ეს პროექტი თუ დაგვიფინანსდა ძალიან კარგი იქნება. პრობლემას ნაწილობრივ შეამსუბუქებს. ისე კი 10 მანქანაც რომ დაგვემატოს, ისიც ცოტა იქნება და მაინც ვერ შევძლებთ ამდენი სოფლის დროულ მომსახურებას“ – გვიხსნის არმენ მარანგაზიანი.
ახალქალაქს ოფიციალური ნაგავსაყრელი არ აქვს. შეგროვებული ნარჩენები ნინოწმინდის ნაგავსაყრელზე გადააქვთ. სოფლებში მდგომარეობას ართულებს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა.
ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 2018-19 წლებში, კონტეინერები და მცირე ზომის ურნები, 35 სოფელში უნდა განეთავსებინა.
მერიაში გვეუბნებიან, რომ ჯერ მხოლოდ 20 სოფელშია განთავსებული, აქედან ნაწილში მხოლოდ სოფლის შესასვლელში.
2022 წლამდე კი მუნიციპალიტეტში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები უნდა დაიხუროს. მერიამ ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის სპეც. ტექნიკაც უნდა შეიძინოს.
ასევე 2022 წლამდე კომპოსტირების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოხდეს და მომზადდეს საპილოტე მოედანი.
ნარჩენების მართვის გეგმა კიდევ არაერთ პუნქტსა მოიცავს, მაგრამ თითოეული დედლაინის გასწვრივ, ფინანსურ ნაწილში, მერია დონორების დახმარებასაც მოიაზრებს. წინაარმდეგ შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები და რესურსი გეგმის განხორციელებისთვის სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება.