ნარჩენების მართვის მთავარი გამოწვევა ასპინძაში არასაკმარისი სპეც. ტექნიკაა. მუნიციპალიტეტს, სადაც 10 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, სულ 2 ნაგავმზიდი ემსახურება, ეს იმას ნიშნავს, რომ რთულია დროული და სისტემატიური მომსახურება გაუწიო დაბის მთელ ტერიტორიას და მუნიციპალიტეტის სოფლებს.
იმას, რომ ტექნიკა საკმარისი არ არის, ადასტურებენ შპს. ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურში.
„2017 წელს გადმოგვეცა 2 თვითმცლელი, ეს ორი ავტომანქანა ემსახურება მთელ მუნიციპალიტეტს. 2 მანქანა რეალურად ვერ ასწრებს, რომ ყველა სოფელს მოემსახუროს თუნდაც კვირაში ორჯერ მაინც. აუცილებელია დამატებით რამდენიმე ავტომანქანა“ – ამბობს შპს. ასპინძის კეთილმოწყობის სამსახურის ბუღალტერი თინათინ ქუქჩიშვილი.
სპეც. ტექნიკის შეძენაა ასპინძის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი, 2018 -22 წლებზე გაწერილ და მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, როგორ და რა ვადებში აქვს დაგეგმილი ასპინძას, ნარჩენების მართვის მთავარი გამოწვევების დაძლევა:
კონტეინერების შეძენა და დამონტაჟება – 2018-2019 წწ
სტიქიური ნაგავსაყრელის აღმოფხვრა – 2019-2022 წწ
სპეცდანიშნულების მანქანების შეძენა – 2018-2021 წწ
ნარჩენების რაოდენობების, შეგროვების, ოპტიმალური მარშრუტებისა და ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკების შემუშავება – 2019
„დაბა ასპინძა,დიდი და მცირე ნარჩენების კონტეინერებით, ბოლო წლებში სრულად დაიფარა. ნარჩენების გატანა ყოველდღიურად ხდება“ – გვეუბნება თინათინ ქუქჩიშვილი.
დაბისგან განსხვავებით, ნარჩენების განსათავსებლად, კონტეინერების დადგმა, ვერ მოხერხდა ყველა სოფელში. მუნიციპალიტეტში არსებული 23 სოფლიდან, რამდენიმე სოფელია, სადაც არც კონტეინერები დგას და არც სპეც. ტექნიკა შედის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად.
ასეთი სოფლების ჩამონათვალშია თოკი და ვარგავი.
ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური გზიდან, მანიშნებელ აბრასთან უნდა გადაუხვიოთ, ბეტონის გზით მიხვეულ-მოხვეულ გზას უნდა აუყვეთ. 3 კილომეტრზე ცოტა მეტს გაივლით და სოფელი თოკიც გამოჩნდება. სოფლის შესასვლელში ბეტონის გზა სრულდება და ჩვეულებრივი გრუნტის გზა იწყება. სოფელში მუდმივად 14 ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულობით მათი რაოდენობა იზრდება. ზოგი მიტოვებულ სახლს უბრუნდება, ზოგიც სტუმრად იმყოფება ნათესავებთან.
„ამ სოფელში 2000 წლიდან ვცხოვრობ, თბილისიდან მომიწია აქ საცხოვრებლად გადმოსვლა.“ – გვეუბნება ნათელა თარხნიშვილი
როდესაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ვეკითხებით, ამბობს რომ ეს არ არის მათთვის პრიორიტეტული საკითხი, მაგრამ იქვე ამბობს, რომ არ იციან სად წაიღონ დაგროვილი ნარჩენები, ამიტომ ზოგს, რისი დაწვაც შეიძლება წვავენ, რაც არ იწვის სახლის მიმდებარედ, ხევში ყრიან.
„კარგი იქნება ურნებიც იდგეს და მანქანაც დადიოდეს, მაგრამ ამ სოფელში სხვა საკითხებია ჯერ გადასაჭრელი, მაგალითად ის, რომ სასმელი წყალი არ გვაქვს“ – გვიყვება ნათელა თარხნიშვილი.
იგივე მდგომარეობაა მომდევნო სოფელ ვარგავშიც.
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელი რუსთავი კი იმ სოფლების ჩამონათვალშია, სადაც ნარჩენებისთვის კონტეინერები დგას, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ საკმარისი არ არის.
„სოფლის ცენტრში დგას 3 დიდი კონტეინერი, ძალიან მალე ივსება და ხშირად იქამდე, მანქანით მიტანილი ნგავი, რომ არ ჩატეულა ახალციხემდე გვიტარებია და იქ გადაგვიყრია. მეტი ურნა უნდა იდგეს, დიდი სოფელია“ – გვიყვება თამარ ბოლქვაძე.
სოფელ ოშორაში მცხოვრები ბესო ჭიკაიძე კი გვეუბნება, რომ დასახლებაში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელი, სადაც ადგილობრივები ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიდნენ უკვე დახურულია.
„მას შემდეგ რაც სოფელში ნაგვის დიდი კონტეინერები დაგვიდგეს, ძველ ნაგავსაყრელს მიწა გადააყარეს და იმ ტერიტორიას ახლა აღარავინ აბინძურებს.ჩვენც ვაქცევთ ყურადღებას, რომ აღარ დაიყაროს ნაგავი“ – ბესო ჭიკაიძე.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ნარჩენების მართვის გეგმის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან დღემდე შემდეგი საქმიანობები განხორციელდა:
ასპინძის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების უზრუნველსაყოფად 2018-2019 წლებში განხორციელდა 100 პლასტმასის ურნის (უსასყიდლოდ) შეძენა და დამონტაჟება. სულ დაბაში დამონტაჟებულია4 მ3– ის ტევადობის 114 ცალი კონტეინერი, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 137.5 მ3-ის ტევადობის 125 ცალი კონტეინერი. ნარჩენების გატანის მიზნით ამ კონტეინერების დაცლას დღეში ერთხელ ახდენს შ.პ.ს. „ასპინძის კეთილმოწყობა“;
ეტაპობრივად ხორციელდება სტიქიური ნაგავსაყრელების აღმოფხვრა, განსაკუთრებით ტურისტულ ზონაში და არსებულ ნაგავსაყრელზე გატანა;
შეძენილია სპეც. ტანსაცმლი – ჟილეტები;
მუნიციპალიტეტში ხორციელდება ქუჩების, პარკების, სკვერების და ადმინისტრაციული შენობების დასუფთავება, სანიაღვრე არხების გაწმენდა, მწვანე ნარგავებისა და საფარის მოვლა, სასაფლაოს მოვლა-პატრონობა, რომელსაც ემსახურება შ.პ.ს. „ასპინძის კეთილმოწყობა“.
თუ 2019 წლამდე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მომსახურებით მოცული იყო დაბის 21 ქუჩა და მხოლოდ 13 სოფელი, დღეს დასუფთავებას ექვემდებარება დაბის 28 ქუჩა, 17 სოფელი და 4 გზის მონაკვეთი.
2018-2019 წლებში ნარჩენების მართვის კუთხით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ეწყობა შეხვედრები ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.